Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი, პოლიციელის და ეჭვმიტანილის ჩათვლით


ლონდონის პოლიციის განცხადებით, 22 მარტს ბრიტანეთის პარლამენტთან მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, რომელსაც თავდამსხმელმა დანა დაარტყა, სამი პირი, რომლებსაც თავდამსხმელის მანქანა შეეჯახა ვესტმინსტერის ხიდზე და თავად ეჭვმიტანილი. დაჭრილია კიდევ სულ მცირე 20 ადამიანი. პოლიციის ამჟამინდელი ვარაუდით, თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა, თუმცა კონტრ-ტერორისტული გამოძიება მიმდინარეობს და შესაძლოა სხვა პირების ჩართულობაც გამოიკვეთოს. თავდასხმა დაიწყო ლონდონის დროით 14 საათსა და 20 წუთზე, როცა მამაკაცმა მაღალი სიჩქარით მომავალი მანქანა შეაჯახა ვესტმინსტერის ხიდზე მდგარ ხალხს და სულ მცირე ორი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ამის შემდეგ მანქანა შეეჯახა პარლამენტის გარშემო ზღუდეს და ლონდონის ერთ-ერთ სიმბოლოს, ბიგ ბენის კოშკს. პოლიციის ცნობით, ამის შემდეგ თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და პარლამენტის დაცულ ტერიტორიაზე შეიჭრა, რა დროსაც მან დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი. ამის შემდეგ თავდამსხმელს პოლიციელებმა ესროლეს და მოკლეს. ერთ-ერთი ქალი ხიდიდან მდინარე ტემზაში ჩავარდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს მაგრამ, როგორც იუწყებიან, ის მძიმედაა დაშავებული. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის ცნობით, ვესტმინსტერის ხიდზე დაშავებულებს შორის სამი ფრანგი სკოლის მოწაფეა, 15-16 წლის ასაკის. ხიდზე მანქანის შეჯახების შედეგად დაშავებულებს შორისაა აგრეთვე სამი პოლიციელი. პრემიერ -მინისტრის, ტერეზა მეის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერი უსაფრთხოდაა. მას არ დაუზუსტებია, სად იყო პრემიერი თავდასხმის მომენტში. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

XS
SM
MD
LG