Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მიმოსვლის გამო საქართველოს გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება


შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის გამო, სპეციალური პროგრამა ამოქმედდება ქვეყნის გამშვებ პუნქტებზე. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ კონტროლის სისტემაში ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროები. „ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას საბაჟო-გამსვლელ პუნქტებზე და როცა მოქალაქე გაემგზავრება შენგენის ზონის ქვეყანაში, უვიზო მიმოსვლის პროცედურით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პირი განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია გაეგზავნება ევროკავშირის ქვეყნებს და დაიწყება ამ პირთა მოძიება რეადმისიის პროცედურის მიზნით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე შესაბამის ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ კი ხარჯის ანაზღაურება დაეკსირება წესების დამრღვევ მოქალაქეს. „უვიზო მიმოსვლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიღწევაა და ჩვენ გვინდა ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროკავშირისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად იმუშავებს ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოსთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და ნაკლებად იყოს შესაძლებელი ბანალური მიზეზებით თავშესაფრის მოთხოვნა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო საზეიმოდ აღნიშნავს შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლას, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ღონისძიებები გაიმართება 26, 27 და 28 მარტს. „უვიზო მიმოსვლის დაწყების დღეს, სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში, ათენში და შემდეგ, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG