Accessibility links

ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმის საქმეზე პოლიციამ შვიდი პირი დააკავა


ლონდონის ცენტრში, 22 მარტს მომხდარი თავდასხმის საქმეზე პოლიციამ დააკავა 7 პირი - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს აცნობა დიდი ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, მარკ როულიმ. მისივე თქმით, დაზუსტებული მონაცემებით, დაიღუპა 4 ადამიანი, თავდამსხმელის ჩათვლით. მარკ როულის ცნობითვე, საავადმყოფოებში რჩება 29 დაშავებული, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ლონდონის პოლიცია მიიჩნევს, რომ მამაკაცს, რომელმაც თავდასხმა განახორციელა შესაძლოა, კავშირი ჰქონდა ისლამურ ტერორიზმთან. 22 მარტს, თავდამსხმელი ვესტმინსტერის ხიდზე ავტომანქანით შეეჯახა ფეხით მოსიარულეებს შემდეგ, კი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის ღობეს, ავტომანქანიდან გადმოვიდა და დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი, 48 წლის კიტ პალმერი. თავდამსხმელი, რომელსაც პარლამენტის დაცვის პოლიციის თანამშრომელმა ესროლა, ადგილზე გარდაიცვალა. 22 მარტს, ღამით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგანგებო სიტუაციათა კომიტეტის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდასხმის ადგილი შემთხვევით შერჩეული არ ყოფილა, რადგან ტერორისტმა იერიში მიიტანა ლონდონის გულზე, სადაც ერთად იკრიბება ყველა ეროვნების და აღმსარებლობის ადამიანი და თავისუფლება და დემოკრატია ზეიმობს. ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმა დაგმო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა. დიდი ბრიტანეთის ხალხს და მთავრობას სამძიმარი და მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელიც ტელეფონით ესაუბრა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG