Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ლონდონში თავდასხმის მომწყობი პირი ბრიტანელი იყო


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ინფორმაციით, პირი, რომელმაც გუშინ ლონდონში, პარლამენტის მახლობლად მოწყობილი ტერაქტისას სამი ადამიანი მოკლა, ბრიტანეთში იყო დაბადებული და მას იცნობდნენ პოლიციაში. ტერეზა მეიმ დღეს პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ თავდამხსმელის საქმეს იძიებდნენ „ძალადობრივ ექსტრემიზმში“ ეჭვმიტანის გამო. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის შთაგონებული იყო ისლამური ტერორიზმით. თავდამსხმელმა 22 მარტს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციელს მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს პარლამენტის შენობის მახლობლად, უესტმინსტერის ხიდზე და მოკლა ორი ადამიანი. დაშავდა 40 პირი. თავდამსხმელი, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეიმ დაგმო თავდასხმა, რომელიც, მისი აზრით, შემთხვევით არ მოწყობილა ამ ადგილას, სადაც პარლამენტი მდებარეობს. „ფასეულობები, რომლებსაც ჩვენი პარლამენტი განასახიერებს - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა - ყველგან აღტაცებასა და პატივისცემას იწვევს თავისუფალ ადამიანებში. ამიტომ არის ის თავდასხმის სამიზნე იმათთვის, ვინც უარყოფს ამ ფასეულობებს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონში გუშინდელ თავდასხმასთან დაკავშირებით. ბრიტანეთის პოლიციამ დღეს გამოაცხადა, რომ შვიდი ადამიანი დააკავა ტერორისტული თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG