Accessibility links

ბრიტანეთში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით


ბრიტანეთის პოლიცია აცხადებს, რომ კიდევ ორი პირი დააკავა 22 მარტს ლონდონში, პარლამენტთან მოწყობილი თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით. ასევე პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს თავდაპირველად ერქვა ედრიან რასელ აჯაო. ის ისლამზე მოექცა და ხალიდ მასუდი დაირქვა. ბრიტანეთის ანტიტერორისტული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარკ როულიმ 24 მარტს გამოაცხადა, რომ პოლიციას ახლა ცხრა ადამიანი ჰყავს დაკავებული, მეათე კი თავდებით გაუშვეს. ვარაუდობენ, რომ ხალიდ მასუდი, რომელიც მანამდეც ცნობილი იყო პოლიციისათვის ძალადობასთან დაკავშირებული ინციდენტების გამო, ლონდონში პარლამენტთან თავდასხმისას მარტო მოქმედებდა. „გუშინ დავასახელეთ მოკლული ტერორისტის ვინაობა, ხალიდ მასუდი. ვთქვით, რომ მას რამდენიმე ფსევდონიმი ჰქონდა და ვიცით, რომ დაბადებიდან მისი სახელი იყო ედრიან რასელი. როგორც ადრეც ვთქვი, გამოძიება ფოკუსირებულია მისი მოტივის, მომზადების პროცესისა და ნაცნობების დადგენაზე. მართალია, მორიგი საფრთხის ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ გესმით, რომ ყველა ღონეს მივმართავთ იმის დასადგენად, ის სრულაიდ მარტო მოქმედებდა - შესაძლოა ტერორისტული პროპაგანდით შთაგონებული - თუ ვინმე ამხნევებდა, ხელს უწყობდა და მითითებებს აძლევდა მას“, - უთხრა ლონდონში ჟურნალისტებს ბრიტანეთის ანტიტერრისტული უწყების ხელმძღვანელმა. 22 მარტს ლონდონში თავდამსხმელმა დანით სასიკვდილოდ დაჭრა პოლიციელი მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს უესტმინსტერის ხიდზე. ის პოლიციელებმა მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ამასობაში ოთხამდე გაიზარდა თავდამსხმელის მსხვერპლთა რიცხვი. წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლის ბრიტანელი, რომელიც მძიმედ დაშავდა ვესტმინსტერის ხიდზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG