Accessibility links

პუტინი: რუსეთი არ ცდილობს გავლენა მოახდინოს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე


მარინ ლე პენი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი არ ცდილობს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი ქვეყნის ეს პოზიცია განმარტა შეხვედრაზე, რომელიც კრემლში გამართა საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატთან, მარინ ლე პენთან. ეს უკანასკნელი ცნობილია პუტინის მხარდამჭერი განცხადებებით - მაგალითად, ნათქვამი აქვს, რომ უკანონოდ არ მიაჩნია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.

პუტინის განცხადებით, მოსკოვი იტოვებს უფლებას შეხვდეს ნებისმიერ ფრანგ პოლიტიკოსს, რომელთან შეხვედრასაც მოისურვებს.

„რასაკვირველია, ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთან მოსაზრებების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, და იმ ვითარების შესახებ, რომელიც ევროპაში იქმნება. ვიცით, რომ თქვენ ხართ იმ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელი, რომელიც ევროპაში საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა!“ - ასე მიესალმა ვლადიმირ პუტინი მარინ ლე პენს - ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერსა და ერთ-ერთ ფავორიტს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველი ტური 23 აპრილს ჩატარდება.

შეხვედრაზე, რომლის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა, პუტინმა თქვა ასევე, რომ რუსეთი არ ცდილობს საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. ლე პენი მოსკოვში ესაუბრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინსაც და 24 მარტს სწორედ მასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იმუშავებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გასაუქმებლად. ეს სანქციები, როგორც ცნობილია, მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის, საფრანგეთმა დაუწესა რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო.

„ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო მიმართული რუსეთის დამსჯელი სანქციების წინააღმდეგ. მათ ყოველთვის კონტრპროდუქტიულად მივიჩნევდი და, დიახ, დემოკრატიის ხელყოფად მიმაჩნია პარლამენტარებისთვის ხელის შეშლა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ“, - განაცხადა მარინ ლე პენმა მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. თავის მხრივ, ვოლოდინმა ლე პენის პოზიცია შეაქო „დაბალანსებული პოზიციისათვის“ „საერთაშორისო დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებში“.

„დაბალანსებულ პოზიციად“, როგორც ჩანს, მიჩნეულია, მაგალითად, ის, რომ ლე პენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების მომხრეა და გამოდის საფრანგეთსა და რუსეთს შორის „სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობისაკენ“ მოწოდებით და, სავარაუდოდ, ისიც, რომ ლე პენი უკანონობად არ მიიჩნევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

ჯერ კიდევ მოსკოვში ლე პენის ვიზიტამდე საფრანგეთში წინასაარჩევნო კამპანიის დროს დიდი ყურადღება ეთმობოდა რუსეთთან მარინ ლე პენის ურთიერთობას უმეტესწილად იმის გამო, რომ ულტრამემარჯვენეების ლიდერი პუტინის დიდ თაყვანისმცემლად ითვლება, ხოლო მისმა პარტია "ნაციონალურმა ფრონტმა" რუსეთის ბანკიდან მიიღო კრედიტი თითქმის 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG