Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი გმობს მოსკოვის მიერ დემონსტრანტებისა და ალექსეი ნავალნის დაკავებას


აშშ-ის მთავრობამ დაგმო ასობით დემონსტრანტის დაკავება რუსეთში და დასძინა, რომ „შეშფოთებულია“ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რუსი აქტივისტის, ალექსეი ნავალნის დაკავებით. „მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აქციის ყველა მშვიდობიანი მონაწილე“, ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელა პრესმდივანმა მარკ ტონერმა. მისი თქმით, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა მეთვალყურეებისა და ჟურნალისტების დაკავება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს. შეშფოთება გამოთქვა ევროკავშირმაც, რომელმაც მოუწოდა რუსეთის მთავრობას, მისცეს ხალხს საშუალება, გამოიყენონ ფუნდამენტური უფლებები, რაც მშვიდობიანი შეკრების უფლებასაც გულისხმობს. პოლიციის ინფორმაციით, სულ დაკავებულია 500-მდე პირი, თუმცა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს დაკავებულთა სტატისტიკას, რომლის თანახმადაც, დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. მიღებული ცნობების თანახმად, დაკავებულთა უმეტესობა გაათავისუფლეს, თუმცა პატიმრობაში ჯერ კიდევ რჩება, სულ ცოტა, 120 პირი. რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, ის გუშინ დააკავეს მოსკოვის ცენტრში მდებარე მეტროს ერთ-ერთ სადგურზე, სადაც ის თავის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. ნავალნი დღეს გადაიყვანეს მოსკოვის სასამართლოში, სადაც მას დააკისრებენ ადმინისტრაციულ ჯარიმას და მიუსჯიან 15-დღიან პატიმრობას საჯარო წესრიგის დარღვევის ბრალდებით. ნავალნიმ, რომელიც მონაწილეობდა 2013 წლის მოსკოვის თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში და აპირებს, კენჭი იყაროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოუწოდა მხარდამჭერებს, მის გარეშე გაეგრძელებინათ საპროტესტო გამოსვლები. მოგვიანებით მან „ტვიტერში“ დაწერა, რომ ის „ამაყობს“ დემონსტრანტებით და რომ მათი დაკავების მოტივი „გასაგებია“.

XS
SM
MD
LG