Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი შინ დაბრუნდა


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლაი სტატკევიჩი, სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ, შინ დაბრუნდა. როგორც მისმა ცოლმა, მარინა ადამოვიჩმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სტატკევიჩმა სამი დღე დაჰყო ბელორუსიის უშიშროების სამსახურის საპატიმრო დაწესებულებაში. ბელორუსიის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ხუთი წელი გაატარა პატიმრობაში, 2010 წელს მინსკში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ის 25 მაისის დილას გაუჩინარდა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე პოლიცია დაარბევდა ოპოზიციის თაოსნობით გამართულ და თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსვლელობას. სტატკევიჩმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მალე გაათავისუფლებს დაკავებულ აქტივისტებს, რომელთა რაოდენობა, მისივე ინფორმაციით, 100-ს აღწევს. „ბელორუსიის მთავრობას მტკიცედ სურს ურთიერთობის შენარჩუნება დასავლეთთან, სხვა შემთხვევაში ბელორუსიას რუსეთი გაანადგურებს“, განაცხადა ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერმა, რაშიც მან იგულისხმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობა, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. სტატკევიჩის თანახმად, მთავრობის ამჟამინდელი საშინაო პოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს, როგორც „შიშის დანერგვის პოლიტიკა“ დაპატიმრებების გარეშე, რადგანაც, მისივე თქმით, მინსკი დაინტერესებულია ურთიერთობების მოგვარებით ევროკავშირთან და აშშ-თან. 24 მარტს მინსკში დააკავეს დემონსტრანტები, რომლებიც მონაწილეობდნენ დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ მსვლელობაში. 25 მარტს ქვეყანაში აღინიშნა ბელორუსიის სახალხო რესპუბლიკის იუბილე. ის 1918 წელს დაარსდა და ერთ წელსაც ვერ იარსება.

XS
SM
MD
LG