Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილმასაქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზოდ მიმოსვლის დაწყება მიულოცა


საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებში უვიზოდ მიმოსვლის დაწყება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ის სტუდენტებთან ერთად, სიმბოლური ვიზიტით გაემგზავრა ევროპული ცივილიზაციის უძველეს დედაქალაქში, ათენში. გიორგი კვირიკაშვილმა 28 მარტს ისტორიული დღე უწოდა. „ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, უკეთ გაიცნონ ევროკავშირი და უკეთ შეიცნონ ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ათენიდან გაემგზავრებიან ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში. „ვიზეიმებთ ამ დიდ მიღწევას, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული, ინტენსიური შრომის შედეგია, არამედ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ჩართულობით გახდა შესაძლებელი“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ათენსა და ბრიუსელში გაემგზავრნენ წარმატებული სტუდენტები, მათ შორის ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები, სახელმწიფო ბენეფიციარები პროგრამებისა “სტარტაპ საქართველოს” და „აწარმოე საქართველოში“, მეცნიერები და მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

XS
SM
MD
LG