Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილისა და ალექსის ციპრასის შეხვედრა


დღეს ათენში გაიმართა საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილისა და ალექსის ციპრასის შეხვედრა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მიულოცა სავიზო ლიბერალიზაციის ოფიციალურად ამოქმედება. „მოხარული ვარ, რომ საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს სავიზო ლიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს,” - განაცხადა ალექსის ციპრასმა. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა საბერძნეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ალექსის ციპრასს მიულოცა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო მიზნების მისაღწევად და განამტკიცონ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები. ალექსის ციპრასისა და გიორგი კვირიკაშვილის პირისპირ შეხვედრა გაგრძელდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრით, რომელზეც საბერძნეთისა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციებმა განიხილეს ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივა. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა ათენის ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე, სახელწოდებით „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე.”

XS
SM
MD
LG