Accessibility links

თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს სხვადასხვა ფორმატით თანამშრომლობის განვითარების საკითხები, მათ შორის ეკონომიკის და სამხედრო სფეროებში. „მინდა აღვნიშნო ჩვენი ქვეყნების განსაკუთრებული ინტერესი, როცა ეს შეეხება შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ხედვა მიგვიყვანს საინტერესო პროექტების განხორციელებამდე“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც საქართველო გადის მეგობრების დახმარებით, სირთულეს წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. „მე მინდა, მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, რომელიც ამ მიმართულებითაც ძალიან ნათელ პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თავის მხრივ, რაიმონდს ვეიონისმა აღნიშნა, რომ ლატვია გმობს ქმედებებს, რომელთა მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „ლატვია მსგავს ქმედებებს მიიჩნევს უკანონოდ და არასდროს აღიარებს. ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა ვცეთ და ის თავისუფალი უნდა იყოს უცხოური ჯარისგან“ - განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა. რაიმონდს ვეიონისის თქმით, ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

XS
SM
MD
LG