Accessibility links

ბრიუსელში „ისტორიულ დღეს“ უწოდებენ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა „ისტორიული დღე“ უწოდა საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. ეს შეფასება მან გამოთქვა ბრიუსელში, სადაც დღეს ჩავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შეხვდა როგორც დონალდ ტუსკს, ისე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს. ტუსკმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის გეგმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას. „დღეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით - ქართველი ხალხისთვის, რომელსაც ამიერიდან თავისუფლად შეეძლება მოგზაურობა შენგენის ზონაში. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა 28 მარტს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. უვიზო რეჟიმის ამოქმედება ასევე „ისტორიულ დღედ“ მოიხსენია ჟან-კლოდ იუნკერმა. მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა „მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის მიზანსწრაფულობისა და კომპლექსური რეფორმების წყალობით“. გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ჩასვლამდე, ასევე 28 მარტს სიმბოლური ვიზიტით ეწვია ევროპული ცივილიზაციის უძველეს დედაქალაქ ათენს და შეხვდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს, რომელმაც საქართველოს მიულოცა სავიზო ლიბერალიზაციის ოფიციალურად ამოქმედება. კვირიკაშვილი სტუდენტებთან ერთად ეწვია ორივე ქალაქს.

XS
SM
MD
LG