Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ელჩენკომ უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დასვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქმედებების საკითხი, კერძოდ, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გამშვები პუნქტების დახურვა, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი და მოსკოვის განზრახვა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთოს ოსური სამხედრო ქვედანაყოფები. უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებები ართულებს ადამიანის უფლებათა დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. „ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, მაგრამ ასე არ არის და ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე“ - განაცხადა ვლადიმირ ელჩენკომ. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა, გარდა რუსეთისა, მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს რუსეთის ფედერაციამ დაბლოკა“ - აღნიშნა ვლადიმირ ელჩენკომ. „ამერიკის ხმის“ ცნობითვე, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ რაიკროფტმა განაცხადა, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით. „გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, მათ შორის აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ, რაც ზღუდავსადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას“ - განაცხადა მეთიუ რაიკროფტმა. მან აღნიშნა, რომ არ ცნობენ აფხაზეთში, 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და აპრილში, სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს რეგიონისთვის სახელის შეცვლის თაობაზე. ბრიტანელი დიპლომატის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამომსვლელთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ არ აღიარებენ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG