Accessibility links

ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს საქართველოში


საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტი, რაიმონდს ვეიონისი. დღეს ის საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდა შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. პრეზიდენტები ესაუბრნენ სოფლის მცხოვრებთ, მათ შორის დავით ვანიშვილს, რომლის სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. „მინდა მადლობა ვუთხრა ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფელში, ჩვენს მიწა-წყალზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ევროპაში სხვა ხელოვნური კედლებიც აგებულა, მაგრამ საბოლოოდ არცერთი არ დარჩენილა. „უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თავის მხრივ, ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა აღნიშნა, რომ მავთულხლართები ჰყოფს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ოჯახებს და მათ საცხოვრებლებს. „ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას, და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“ - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა. ლატვიის პრეზიდენტი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 27 მარტს ესტუმრა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG