Accessibility links

ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა


ბრიტანეთმა ოფიციალურად აამოქმედა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკისათვის შესაბამისი წერილის გადაცემით. ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩმა, ტიმ ბაროუმ დღეს ბრიუსელში გადასცა ტუსკს დოკუმენტი, რომელსაც მანამდე ხელი მოაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. დონალდ ტუსკის შეფასებით, ეს დღე არ არის ბედნიერი არც ევროკავშირისთვის და არც ბრიტანეთისათვის. „თავს ნუ მოვიტყუებთ, თითქოს ეს ბედნიერი დღე იყოს ან ბრიუსელში, ან ლონდონში! ასეა თუ ისე, ევროპელების უმრავლესობა - მათ შორის ბრიტანელი ამომრჩევლების თითქმის ნახევარი - ისურვებდა ერთად დარჩენას და არა ერთმანეთისაგან დაშორებას. მე რაც შემეხება - არ მოგატყუებთ, თითქოს დღეს ბედნიერი ვიყო“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა მას შემდეგ, რაც მას ბრიუსელში გადასცეს დოკუმენტი, რომლითაც ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცედურა. ცხრა თვის წინ, 2016 წლის ივნისში ბრიტანეთში გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ბრიტანეთი 1973 წლიდან არის ბლოკის წევრი და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც აამოქმედა ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ევროკავშირიდან გასასვლელად. ახლა ბრიტანეთსა და ბრიუსელს ორი წელი აქვთ გასვლის პირობებზე შესათანხმებლად.

XS
SM
MD
LG