Accessibility links

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს


თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სამშენებლო კომპანიის, „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს. ისინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისებაში. განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, რომელსაც მანამდე აღკვეთის ზომად გირაო ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, ბრალდებულებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს, თუმცა ღია სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მათი მხრიდან თაღლითობისა და მითვისების ფაქტი. ამასთან, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების ნაწილში. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატებს შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

XS
SM
MD
LG