Accessibility links

პარაგვაიში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს


პარაგვაიში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა ახლახან, გასაიდუმლოებულ ვითარებაში მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც პრეზიდენტს კიდევ ერთი ვადით კენჭისყრის უფლებას აძლევს. დემონსტრანტები 31 მარტს, გვიან ღამით შეიჭრნენ დედაქალაქ ასუნსიონში მდებარე პარლამენტის შენობაში და მის ინტერიერს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად. როგორც იუწყებიან, დაშავებულია ათობით ადამიანი - მათ შორის დემონსტრანტები, პოლიციელები და პოლიტიკოსები. პარაგვაის 1992 წელს მიღებული კონსტიტუცია პრეზიდენტობის პერიოდად აწესებს მხოლოდ ერთ, ხუთწლიან ვადას, მაგრამ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ორასიო კარტესმა ამ ვითარების შეცვლა ისურვა. ხელისუფლების კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს საკონსტიტუციო შესწორება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაასუსტებს.

XS
SM
MD
LG