Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნებია


სერბიაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგად, როგორც ვარაუდობენ, ძალაუფლებას გაიმყარებს პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი - ქვეყანაში, რომელიც ცდილობს ერთმანეთს შეუთავსოს ევროპული მისწრაფება და რუსეთთან ურთიერთობა. ვუჩიჩი დაახლოებით 40 პროცენტით უსწრებს მის ყველაზე მნიშვნელოვან მეტოქეს - პაროდიულ კანდიდატს, რომლის პლატფორმა მხოლოდ სერბიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაცინვას ემყარება. ვარაუდობენ, რომ მემარჯვენე-ცენტრისტი ორიენტაციის პოლიტიკოსი, 46 წლის ვუჩიჩი პირველივე ტურში მოიპოვებს გამარჯვებას და ხუთწლიანი ვადით გახდება პრეზიდენტი. ბელგრადს კვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვს ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნებთან და კვლავ არ ცნობს მისი ყოფილი ტერიტორიის, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. ვუჩიჩი ყოფილი ულტრანაციონალისტია, თუმცა ის 2008 წელს გამოეყო რადიკალებს და უფრო ზომიერი ორიენტაციის პროგრესული პარტია დააარსა. ის აცხადებს, რომ მისი მიზანია სერბია ევროკავშირში გაწევრიანდეს 2019 წლამდე. ამავე დროს ვუჩიჩმა - ინფორმაციის მინისტრმა იუგოსლავიის ყოფილი ავტორიტარი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის პირობებში - სერბია რუსეთთანაც დაახლოვა, სამხედრო და ეკონომიკურ კავშირებზე მოლაპარაკებების გახშირებით. „რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა ვუჩიჩმა 27 მარტს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში - „ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, რუსეთთან, ჩინეთთან, ყველასთან, ვისთანაც ინტერესები გვაკავშირებს და ვინც იცის, რომ ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ“.

XS
SM
MD
LG