Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციის ინფორმაციით, მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დააკავეს 29 პირი


პოლიცია აცხადებს, რომ 2 აპრილს მოსკოვის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავა 29 პირი. ერთი კვირის წინ, კრემლის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსის და კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტის, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე 1000-ზე მეტი პირი დააკავეს. პოლიციის პრეს-სამსახურმა 2 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია 29 პირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო. ნავალნიმ, რომელიც ამჟამად ციხეშია და 15-დღიან სასჯელს იხდის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, უარყო კავშირი 2 აპრილის აქციასთან. „მან ამის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იცოდაო“, დაწერა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმუშმა ტვიტერით. 26 მარტს გამართული აქცია, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ათობით ქალაქში ათი ათასობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო ღონისძიება იყო. რუსეთის მთავრობამ 1 აპრილს განაცხადა, რომ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი გამოძიება იმ პირების გარშემო, რომლებმაც დედაქალაქში 2 აპრილს გაუკეთეს ორგანიზება ანტიკორუფციულ, უსანქციო აქციას. ამ პირების ვინაობას არ ასახელებენ. როგორც იუწყებიან, მთავრობამ დაბლოკა წვდომა რამდენიმე ვებსაიტზე, რომლებზეც აქციებში მონაწილეობისკენ იყო მოწოდებები გამოთქმული.

XS
SM
MD
LG