Accessibility links

ეგზიტპოლის თანახმად, სომხეთის არჩევნებზე ლიდერობს პრეზიდენტის პარტია


ეგზიტპოლის თანახმად, სომხეთში გამართულ არჩევნებზე ლიდერობს პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის მმართველი, რესპუბლიკური პარტია. ეს არჩევნები განსაზღვრავს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის შემდეგ. სომხეთის ტელევიზიით გავრცელებული ეგზიტ პოლის თანახმად, სარქისიანის პარტიამ მოიპოვა ხმათა 46 პროცენტი, ხოლო 25 პროცენტი აქვს მის მეტოქეს, ყოფილ კოალიციურ პარტნიორს, მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს, რომელსაც პრორუსულად განწყობილი ოლიგარქი გაგიკ ცარუკიანი ხელმძღვანელობს. ცხრა პარტიის თუ ალიანსის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიების მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკური სირთულეები იყო. 2015 წელს დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სომხეთში გაძლიერდება პრემიერ-მინისტრის ოფისი, პრეზიდენტის პოსტი კი დიდწილად ცერემონიული იქნება და პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს. ეს ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც 2018 წელს ამოიწურება სარქისიანის მეორე და ბოლო ვადა. კრიტიკოსების აზრით, ამ ცვლილებების მიზანია სარქისიანისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც. თავად სარქისიანი ამ ბრალდებას უარყოფს. მაგრამ თუ მმართველი პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად - მარტო ან კოალიციაში - ის შეძლებს აღმასრულებელი ძალაუფლების შენარჩუნებას, უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი.

XS
SM
MD
LG