Accessibility links

საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა


საქართველო გახდა ევროკავშირის საპოლიციო სამსახურის, ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ევროპოლის დირექტორმა, რობ უენრაიტმა დღეს თბილისში მოაწერეს ხელი შეთანხმებას საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა ევროპოლთან და მისი მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან უსაფრთხო კომუნიკაციის არხით გაცვალოს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ და პერსონალური მონაცემები. საქართველო ჰააგაში, ევროპოლის შტაბ-ბინაში მიავლენს მეკავშირე ოფიცერს და მონაწილეობას მიიღებს ევროპოლის მიერ შექმნილი ერთობლივი, საგამოძიებო ჯგუფების მუშაობაში. ევროპოლთან გაფორმებულ შეთანხმებას ისტორიული უწოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა. მისი შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. „დღეიდან საქართველო ხდება ევროპოლის ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რასაც ჩვენი თანამშრომლობა გადაჰყავს სრულიად ახალ საფეხურზე და ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მჭიდრო კომუნიკაციას და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან უფრო ეფექტურ, ერთობლივ ბრძოლას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავხდით ევროპული ოჯახის წევრი სამართალდაცვის სფეროში“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

XS
SM
MD
LG