Accessibility links

ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და თბილისის დელეგაციის წევრებმა რუსეთის წარმომადგენელს მიუსამძიმრეს სანკტ-პეტერბურგის მეტროში 3 აპრილს მომხდარი აფეთქების შედეგად მოქალაქეთა დაღუპვის გამო. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ მოითხოვს ცხინვალში პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას. გიუნაშვილი 2016 წლის ზაფხულში დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, თუმცა, მოგვიანებით გაასამართლეს დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით. ქართული მხარე ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. ერგნეთის შეხვედრის დღის წესრიგშია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG