Accessibility links

თბილისში გაიხსნა ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია


თბილისში გაიხსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც 40 ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს. მათ სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. ”მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი თანამდებობა - დიდი პატივი, რომელიც წილად მერგო, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეორე, სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერობა“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად განავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შანსი. პრემიერ-მინისტრის თქმით, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტებზე არსებობს ტურიზმიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც მთავრობამ გაითვალისწინა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიმართა მთის კურორტების განვითარებისა და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახლახან გაიხსნა ორი ახალი სათხილამურო კურორტი, გოდერძი და თეთნულდი, შეიქმნა ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო, გამარტივებული პროცედურებით და დაბალი გადასახადებით. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კანადური კომპანიის მონაწილეობით შემუშავდა გუდაური-კობის კურორტის გენერალური გეგმა და ასეთივე დოკუმენტი მზადდება ბაკურიანის, თუშეთის, მესტიისა და ბახმაროსთვის. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალისხმევამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგი, რადგან ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში, საქართველოს სამთოსათხილამურო კურორტების სტუმართა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა. „გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში და მთავრობა ყველაფერს აკეთებს მთის სათხილამურო კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG