Accessibility links

პაკისტანში ცალკე თემად აღიარეს ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცების შთამომავლები


პაკისტანში 4000-მდე ადამიანმა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცების შთამომავლად არის მიჩნეული, მოიპოვა უფლება, რომ ცალკე ეთნიკურ და რელიგიურ თემად ჩაითვალოს. პაკისტანში სასამართლოს 4 აპრილის გადაწყვეტილებით, „კალაშად“ წოდებული თემის წევრები ცალკე უნდა იქნენ აღრიცხული მოსახლეობის აღწერისას, რომელიც პაკისტანში მიმდინარეობს. კალაშების უმრავლესობა ავღანეთის მოსაზღვრე მთიან რეგიონებში ცხოვრობს. თემის წევრებს ადგილობრივი მუსლიმებისაგან განსხვავებული რელიგიური და კულტურული ტრადიციები აქვთ შენარჩუნებული. მათი ნაწილი ინდოეთის უძველესი რელიგიის, ვედიზმის მიმდევარია, ნაწილი კი ისლამის. თითქმის 20 წელი გავიდა პაკისტანში მოსახლეობის ბოლო აღწერის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში აღწერის რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა, რადგან პროცესი სახიფათოდ ჩაითვალა ექსტრემისტული ჯგუფების თავდასხმების გამო. კალაშების წინაპრებად მიჩნეული არიან ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცები, რომლებიც ამჟამინდელი პაკისტანის ტერიტორიაზე დარჩნენ ძვ.წ. მე-4 საუკუნეში, ინდოეთის სუბკონტინეტზე ალექსანდრე დიდის ლაშქრობის დროს.

XS
SM
MD
LG