Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა უარყო სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი


რუსეთის საგარეო უწყებამ უარყო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც გმობს სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეიმუშავეს, სრულიად მიუღებელია და აშკარად, ნაჩქარევად მომზადდა. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 აპრილისთვის აქვს დანიშნული საგანგებო სხდომა წინა დღეს სირიაში, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის განსახილველად. დასავლეთის ქვეყნები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს ადანაშაულებენ საჰაერო თავდასხმაში, რომელმაც სირიელი ოპოზიციონერი მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ქალაქ ხან შეიხუნში 72 ადამიანი შეიწირა. სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება დაგმო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც: „სირიის რეჟიმს ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ამ სისასტიკისათვის. თუმცა ყველა, ვინც მხარს უჭერს რეჟიმს, იზიარებს მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ამ ვითარებისთვის", - განაცხადა დონალდ ტუსკმა 5 აპრილს ათენში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. რუსეთი კი მხარდაჭერას უდასტურებს სირიის მთავრობას, რომელიც უარყოფს ბრალდებას ქიმიური იარაღით თავდასხმის შესახებ.

XS
SM
MD
LG