Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 11-12 აპრილს ეწვევა მოსკოვს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 11-12 აპრილს ეწვევა მოსკოვს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შესახვედრად. ეს იქნება რუსეთში ტილერსონის პირველი ვიზიტი სახელმწიფო მდივნის რანგში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავროვთან შეხვედრის დღის წესრიგი ითვალისწინებს გლობალურ უსაფრთხოებასთან, სირიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან, უკრაინასთან დაკავშირებული და სხვა საკითხების განხილვას. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ახლა კი ტრამპის გუნდის არაერთ წევრს უყენებენ ბრალდებას, რომ საიდუმლო კონტაქტები ჰქონდათ მოსკოვთან, რის გამოც აშშ-ში რამდენიმე გამოძიებაა დაწყებული. თავად ტილერსონს, რომელიც წარსულში ნავთობკომპანია „ექსონმობილის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, 2013 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა რუსეთის მეგობრობის ორდენი. თუმცა ტილერსონმა წელს იანვარში, ანუ ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცებდნენ, რუსეთს უწოდა „საფრთხის შემქმნელი“, „დესტაბილიზაციის გამომწვევი“ ქვეყანა, რომელიც უგულებელყოფს აშშ-ის ინტერესებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG