Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა იერიში მიიტანა სირიის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე


შეერთებულმა შტატებმა პირდაპირი სამხედრო იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე, რისთვისაც შორი რადიუსის მოქმედების 50-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა. დარტყმები სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ხომალდიდან. ვაშინგტონმა იერიში მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის პროვინციაში აღირიცხა, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმის ფაქტი. ვაშინგტონი პასუხისმგებლობას აკისრებს სირიის მთავრობას. პირველი განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, იერიში სწორედ იმ ბაზაზე განხორციელდა, საიდანაც ასადის რეჟიმმა ქიმიური თავდასხმა მოაწყო. „სამშაბათს სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა სასიკვდილო ნერვული გაზის გამოყენებით განახორციელა საზარელი ქიმიური თავდასხმა უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე. ასადმა სიცოცხლე მოუსწრაფა დაუცველ მამაკაცებს, ქალებსა და ბავშვებს. ბევრი მათგანისთვის ეს იყო ნელი და სასტიკი სიკვდილი. ამ ბარბაროსულმა თავდასხმამ თოთო ბავშვებიც კი არ დაინდო. ასეთი სისასტიკე ღვთის არც ერთმა შვილმა არ უნდა გამოსცადოს,“ - აღნიშნა ტრამპმა გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლაში. სირიის ტერიტორიაზე საჰაერო ოპერაცია 2014 წელს დაიწყო ბარაკ ობამამ, მაგრამ აქამდე აშშ-ის ავიაცია იერიშებს მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ობიექტებზე ახორციელებდა.

XS
SM
MD
LG