Accessibility links

დონალდ ტრამპის განცხადებით, ეს იყო პასუხი სირიის არმიის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე


დღეს დილით, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შაირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც სირიის არმიას ეკუთვნის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ იერიში განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და რომ ის წარმოადგენდა პასუხს 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. პენტაგონის ცნობითვე, ხმელთაშუა ზღვაში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო გემებიდან ნასროლი, „ტომაჰოვკის“ ტიპის 59 ფრთოსანი რაკეტის სამიზნე იყო საბრძოლო თვითმფრინავები, საწვავის და საბრძოლო მასალების საწყობები, რადარები და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. პენტაგონის განცხადებით, მიღებული იყო ყველა ზომა იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და მინიმუმამდე შემცირებულიყო რისკი სირიის არმიის სამხედრო-საჰაერო ბაზის მომსახურე პერსონალისთვის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰომსის პროვინციაში მდებარე შაირათის სამხედრო-საჰაერო ბაზა გამოყენებული იყო ქიმიური იარაღის შესანახად. პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ სწორედ შაირათის ბაზაზე დისლოცირებულმა თვითმფრინავებმა განახორციელეს ქიმიური თავდასხმა ქალაქ ხან-შეიხუნზე. პენტაგონის ინფორმაციით, რუსი სამხედროები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი დღევანდელი იერიშის შესახებ, რომლის მიზანი იყო ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია იყო პასუხი ამ ქვეყნის არმიის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე და მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების და გავრცელების აღკვეთას, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG