Accessibility links

ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ რეფერენდუმსა და არჩევნებს


ევროკავშირი არ აღიარებს ცხინვალში ჩატარებულ რეფერენდუმსა და პრეზიდენტის არჩევნებს. ამის შესახებ 10 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინატორის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა, მაია კოციანჯიჩმა. „ევროპის კავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოებს, რომელშიც ჩატარდა ეგრეთწოდებული პრეზიდენტის არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის სახელწოდების შეცვლას. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების მიმართ, რასაც ემსახურება ჩვენი თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. და, როგორც იცით, ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,საერთაშორისოდ აღიარებულ მის საზღვრებში“, - განაცხადა მაია კოციანჯიჩმა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პირველსავე ტურში გაიმარჯვა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის „ედინაია ოსეტია“-ს კანდიდატმა, ანატოლი ბიბილოვმა. მას მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 57,98%-მა. 9 აპრილს ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმიც სამხრეთ ოსეთის და ალანიის ტოლმნიშვნელოვან სახელებად გამოცხადების საკითხზე. სახელის შეცვლას მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 78,2%-მა.

XS
SM
MD
LG