Accessibility links

„დიდი შვიდეული“ აპირებს იმსჯელოს რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა 10 აპრილს, განაცხადა, რომ ჯგუფის წევრები აპირებენ მსჯელობას რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებაზე. ტოსკანის ქალაქ ლუკაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომლის უმთავრესი საკითხი იქნება სირიაში შექმნილი ვითარება, 11 აპრილს დილით დაიწყება. მინისტერიალში მონაწილეობენ ასევე თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროს, საუდის არაბეთის, იორდანიისა და ყატარის წარმომადგენლები. „დიდი შვიდეული“ აერთიანებს მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს: აშშ-ს, იაპონიას, გერმანიას, ბრიტანეთს, იტალიას, საფრანგეთსა და კანადას. ამ ქვეყნების შეხვედრებს, 2014 წლამდე მერვე წევრად ესწრებოდა რუსეთი. მაგრამ „დიდი რვიანის“ შეხვედრები აღარ გამართულა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხელყო საერთაშირისო სამართლის ნორმების და უკრაინის ყირიმის ანექსია მოახდინა. გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, 9 აპრილს, ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის და ირანის მიმართ, ამ ქვეყნების მიერ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერისათვის.

XS
SM
MD
LG