Accessibility links

ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს რეფორმები სრულ თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიებთან


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები სრულ თანხვედრაშია ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიებთან - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას. ლევან იზორიამ ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა ანტისარაკეტო სისტემის შეძენა. „ჩვენს მიერ განსაზღვრული გეგმების 70% შესრულებულია და დაგვრჩა ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - აღჭურვილობა. განვსაზღვრეთ მოდერნიზაციის ხუთი მიმართულება და ყველაზე ცენტრალური იქნება ანტისარაკეტო სისტემის შექმნა, რადგან ვერცერთ დანაყოფს ვერ ექნება შანსი გაუმკლავდეს მტერს, თუ არ იქნა დაცული ანტისარაკეტო სისტემით“, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრი არ ეთანხმება კრიტიკულ მოსაზრებებს, რომ საქართველო უარს ამბობს ფლოტსა და ავიაციაზე. „არაფერზე უარს არ ვამბობთ, უბრალოდ პრიორიტეტებს განვსაზღვრავთ ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიდან და სამხედრო სტრატეგიიდან გამომდინარე და ვამბობთ, რომ სჯობს არსებული ფინანსები მივმართოთ იმისკენ, რაც თავდაცვას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. მისი თქმით, რუსეთთან ომმა აჩვენა, რომ შეიძლება გყავდეს ბომბდამშენები, მაგრამ თუ მათი დაცვის ხარისხი ნულის ტოლია, შესაძლოა, ერთმა რაკეტამ მწყობრიდან გამოიყვანოს ათეულობით ბომბდამშენი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 17-18 აპრილს ვიზიტით ეწვევა საფრანგეთს, სადაც თავის კოლეგასთან გამართავს მოლაპარაკებას ანტისარაკეტო სისტემის შეძენასთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულების გეგმაზე.

XS
SM
MD
LG