Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი „შეძრწუნებულია“ დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმით


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, მისი პრესმდივნის თქმით, „შეძრწუნებულია“ დორტმუნდის საფეხბურთო კლუბ „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმით. გზის პირას დატოვებული მოწყობილობები გუშინ 11 აპრილის საღამოს აფეთქდა, როცა ფეხბურთელები ავტობუსით მიდიოდნენ ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ. დაშავდნენ ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა და ადგილობრივი პოლიციელი. მერკელის პრესმდივნის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, რომელიც მან დღეს გააკეთა, კანცლერი, ისევე როგორც დორტმუნდელები და მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, შეძრწუნებულია ცნობებით დორტმუნდის „ბორუსიის“ ავტობუსზე თავდასხმის შესახებ და გუნდს წარმატებას უსურვებს მატჩისთვის, რომელიც დღეს საღამოს უნდა ჩატარდეს. ამასობაში, უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ როგორც დორტმუნდში, ისე მიუნხენში, სადაც „ბაიერნის“ მატჩისათვის ემზადებიან. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა „ბორუსიის“ ავტობუსთან მოწყობილი აფეთქებების გამოძიება. გამოძიება ტარდება ისლამისტებთან აფეთქების შესაძლო კავშირის დასადგენად მას შემდეგ, რაც თავდასხმის ადგილთან იპოვეს წერილი, რომელშიც ნახსენებია შარშან დეკემბერში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტი.

XS
SM
MD
LG