Accessibility links

სასამართლომ მოსკოვს დააკისრა 3 მლნ ევროს გადახდა ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებისათვის


ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ რუსეთს დააკისრა 3 მილიონი ევროს გადახდა 2004 წელს ბესლანის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებისათვის. მოსკოვს დამატებით 88 ათასი ევროთი მოუწევს სასამართლოს ხარჯების დაფარვა. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს ვებსაიტზე გამოქვეყნდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ შეძლო, საფრთხე აერიდებინა ადამიანების სიცოცხლისათვის და ბესლანის სკოლიდან მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაცია დაეგეგმა ისე, რომ შეძლებისდაგვარად დაეცვა მძევლების სიცოცხლე. სტრასბურგში განთავსებულმა სასამართლომ განიხილა ერთბაშად რამდენიმე სარჩელი, რომლებითაც მას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა „ბესლანის დედებმა“. რუსეთმა მალევე დაგმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც „მიუღებელი“ და გამოაცხადა, რომ მის გასაჩივრებას აპირებს. 2004 წლის 1 სექტემბერს ექსტრემისტების ჯგუფი შეიჭრა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ქალაქ ბესლანის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, მძევლად აიყვანა 1128 ადამიანი. ორ დღეში, სკოლაზე სპეცდანიშნულების შენაერთის შტურმის შედეგად დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG