Accessibility links

ტრამპის აზრით, აშშ-სა და რუსეთს შორის "ყველაფერი კარგად იქნება"


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოპტიმისტურად აფასებს რუსეთთან ურთიერთობის ხანგრძლივ პერსპექტივას. მან 13 აპრილს ტვიტერზე დაწერა: ყველაფერი კარგად იქნება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის - დრო რომ მოვა, ყველა გონს მოეგება და სტაბილური მშვიდობა დამყარდებაო. გუშინ კი ტრამპმა თქვა, რომ მის ქვეყანას „არ გამოსდის ურთიერთობა რუსეთთან“ და ორმხრივი ურთიერთობა შესაძლოა, "ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე იყოს" დასული. ეს შეფასება ტრამპმა გამოთქვა ვაშინგტონში 12 აპრილს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ეს იყო აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრა ყველაზე მაღალ დონეზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. „შესანიშნავი იქნებოდა, როგორც ამაზე ეს-ესაა ვილაპარაკეთ, რომ ნატოსა და ჩვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. ამჟამად რუსეთთან ურთიერთობა ნამდვილად არ არის კარგი. რუსეთთან ურთიერთობის მხრივ შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე მძიმე ეტაპზე ვიმყოფებოდეთ. დიდი ხანი გაგრძელდა, სანამ აქამდე მოვიდოდით. მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. პუტინი რუსეთის ლიდერია. რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. ჩვენ კი ძალიან, ძალიან ძლიერი ქვეყანა ვართ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG