Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობის ცნობით, „დედა ბომბმა“ მოკლა „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი


ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელთა ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე გვირაბების კომპლექსზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ უმსხვილესი არაბირთვული ბომბით განხორციელებული შეტევის შედეგად, დაიღუპა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ეს შეტევა განხორციელდა ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობით. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმამ გაანადგურა ექსტრემისტების კონტროლქვეშ მყოფი გამოქვაბულები და საბრძოლო იარაღის სამალავები. მსხვერპლის რაოდენობა დამოუკიდებელი წყაროს მიერ ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ავღანეთის სამხედრო უწყების პრესმდივნის დავათ ვაზირის ცნობით, სამოქალაქო პირები არ დაშავებულან. აშშ-ის თავდაცვის უწყებამ 13 აპრილს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ პენტაგონმა ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან მყოფი "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა ფართო მოქმედების ბომბი GBU-43, რომელსაც „დედა ბომბად“ მოიხსენიებენ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იყო ამ ტიპის ბომბის გამოყენების პირველი შემთხვევა. ეს შეტევა მოჰყვა გასულ კვირაში ამერიკელი სპეცრაზმელის დაღუპვას „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან დაპირისპირებისას. თეთრი სახლის პრესმდივნის შონ სპაისერის განცხადებით, პენტაგონის იერიშის სამიზნე იყო გვირაბები და გამოქვაბულები, რომელთაც ექსტრემისტები იყენებენ „თავისუფალი გადაადგილებისთვის, რაც უადვილებს მათ, მიზანში ამოიღონ ტერიტორიაზე მყოფი აშშ-ის სამხედრო მრჩევლები და ავღანეთის შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები“. დონალდ ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თავად გასცა თუ არა შეტევის განხორციელების ბრძანება, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იყო „მორიგი ძალიან, ძალიან წარმატებული მისია“.

XS
SM
MD
LG