Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოუწოდებს დამასკსა და მოსკოვს, შეწყვიტონ „სიმართლის დასამარების" მცდელობები


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განცხადებები იმის შესახებ, რომ გასულ კვირაში სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღით განხორციელებულ შეტევასთან დაკავშირებული ბრალდებები „100 პროცენტით გამოგონილია“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გააკრიტიკა დამასკი და მისი მოკავშირე მოსკოვი, „სიმართლის დასამარების“ მცდელობისთვის. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესისთვის“ 13 აპრილს მიცემულ ინტერვიუში ასადმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ წლების წინ ჩააბარა ქიმიური იარაღის მთელი მარაგი და მისივე თქმით, არ არსებობდა შეტევის განხორციელების საჭიროება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მარკ ტონერის განცხადებით, სირიის პრეზიდენტის მხრიდან ეს არის „ყალბი დროშების აღმართვის“ მცდელობა, რომლის მიზანია დაბნეულობის შექმნა. „უფრო გულახდილად თუ ვიტყვით, ასეთი ტაქტიკური სვლა რუსეთისგანაც გვახსოვს“, აღნიშნა ტონერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული შეტევის უკან იდგა სირიის მთავრობა და რომ „ეს არის, არა მხოლოდ ომის კანონების დარღვევა, არამედ ომის დანაშაული“. ტყუილსა და პროპაგანდას უწოდებს სირიის პრეზიდენტის განცხადებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-მარკ ეროც. „ასპროცენტიანი ბოროტება და ცინიზმი“ - ასე დაახასიათა ფრანგმა დიპლომატმა ასადის განცხადებები.

XS
SM
MD
LG