Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტი დაასრულა დავით ზალკალიანმა


ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტი დაასრულა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ხუთდღიანი ვიზიტისას დავით ზალკალიანმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართა 50-ზე მეტი შეხვედრა, რომლის დროსაც განხილული იყო ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატით თანამშრომლობის აქტუალური თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დავით ზალკალიანი შეხვდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს, პიტერ ტომსონს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა და გაეროს სამუშაო პროგრამაში საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხები. დავით ზალკალიანმა გაეროს ხელმძღვანელებს და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო ხანს ჩატარებულ უკანონო არჩევნებსა და რეფერენდუმზე და რუსეთის განზრახვაზე, თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიყვანოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო სამხედრო დაჯგუფებები.

XS
SM
MD
LG