Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში გაიმართა დავით ზალკალიანისა და ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრა


19 აპრილს სტრასბურგში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან. როგორც ”ინტერპრესნიუსი” სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლო განვითარებებზე. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების მდგომარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ობიექტურ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ. საგარეო საქმეთა უწყების ცნობითვე, ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებულმა ანგარიშმა - „კონფლიქტი საქართველოში“ უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. ”მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვა იყო უპრეცედენტო იმ დიდი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რაც ქართული მხარის მიმართ იქნა გამოხატული. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამ-ის სახელით, ასევე 28 ქვეყნის მიერ ინდივიდუალურად იქნა შეფასებული და დაგმობილი რუსეთის უკანონო ქმედებები“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG