Accessibility links

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გავიდნენ


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებით, ცენტრისტი კანდიდატი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი გავიდნენ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 მაისს გაიმართება. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომლებიც დღეს გავრცელდა, მაკრონს ერგო ხმების 23,75%, ხოლო ლე პენს 21,53%. მესამე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ფიიონი ხმების 19,91%-ით, მას მოჰყვება მემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი 19,64%-ით. კვლევითი ცენტრები "იპსოს-სოპრა სტერია" და "ჰარის ინტერაქტივი" საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის საფუძველზე ავრცელებენ პროგნოზს, რომ არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი გაიმარჯვებს ხმების 62-64%-ით. მან 23 აპრილის საღამოს, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მადლობა გადაუხადა ფრანგებს მხარდაჭერისათვის: "მინდა, ორ კვირაში თქვენი პრეზიდენტი გავხდე: მთელი ფრანგი ხალხის პრეზიდენტი, პატრიოტების პრეზიდენტი ნაციონალისტთა საფრთხის წინააღმდეგ. ბოლო თვეებში, და დღესაც, ვხედავდი ფრანგი ხალხის დაეჭვებას, ბრაზსა თუ შეშფოთებას. და მის სწრაფვას ცვლილებისკენ. ამომრჩევლებმა სწორედ ამიტომ შეაქციეს ზურგი ორ დიდ პარტიას, რომელიც მას 30 წელიწადზე მეტ ხანს მართავდა", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა, რომელიც 7 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დუპირისპირდება ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს. ამ უკანასკნელმა „ისტორიული შედეგი“ უწოდა არჩევნების პირველ ტურში ხმების 20%-ზე მეტის მოპოვებას: „ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი, რომელიც ფრანგ ხალხს ელისეს სასახლეში მიიყვანს. ეს არის ისტორიული შედეგი! ის მაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას, დავიცვა ფრანგი ერი, მისი ერთიანობა, მისი უსაფრთხოება, მისი კულტურა, მისი კეთილდღეობა და მისი დამოუკიდებლობა. ფრანგმა ხალხმა უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული შანსი, რადგან ამ არჩევნებით წყდება იმ მოუთოკავი გლობალიზაციის ბედი, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ცივილიზაციას“, განაცხადა ლე პენმა. მისგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონი ევროკავშირისა და ერთობლივი ვალუტის, ევროს მტკიცე მხარდამჭერია. არჩევნების პირველ ტურში მისი წარმატების შემდეგ, დოლართან მიმართებით ევროს კურსი გაიზარდა და იმატა აქციების ფასებმა აზიისა და შეერთებული შტატების საფინანსო ბირჟებზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG