Accessibility links

პუტინი აკრიტიკებს პოლიტიკური ბრძოლისათვის ანტიკორუფციული ლოზუნგების გამოყენებას


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ანტიკორუფციული ლოზუნგების გამოყენება. პუტინმა 24 აპრილს სანქტ-პეტერბურგში თქვა, რომ უკრაინისა და არაბული გაზაფხულის შემთხვევებში „სავალალო შედეგები მოჰყვა“ კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებს. პუტინს არ უხსენებია ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ მას გულისხმობდა ანტიკორუფციული ლოზუნგების გაკრიტიკებისას. ნავალნის ინიციატივით, რუსეთში 26 მარტს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაციები - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კრემლის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბური აქციები, რომლებზეც რუსეთში გავრცელებული კორუფცია დაგმეს. პოლიციამ მარტო მოსკოვში დააკავა 1000-ზე მეტი ადამიანი. ნავალნი ახლა გამოდის მოწოდებით 12 ივნისს ასეთივე დემონსტრაციების გამართვისაკენ. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრმა“ 24 აპრილს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც რუსების მესამედი პუტინის მმართველობის მთავარ წარუმატებლობად მიიჩნევს კორუფციასთან ბრძოლის შედეგებს.

XS
SM
MD
LG