Accessibility links

ამერიკელი გენერალი ვარაუდობს, რომ თალიბების უკან რუსეთი დგას


აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალი ავღანეთში, გენერალი ჯონ ნიკოლსონი არ გამორიცხავს, რომ თალიბები შეიარაღებას რუსეთისგან ღებულობდნენ. ასეთი ვარაუდი მაღალი რანგის ამერიკელმა გენერალმა გამოთქვა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ, 24 აპრილს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე. ნიკოლსონის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჩართულობა ავღანეთის ომში გულისხმობდეს ასევე თალიბანის იარაღით მომარაგებას. ამასთან, ამერიკელმა სარდალმა თავი აარიდა დეტალებზე საუბარს. გენერალმა ნიკოლსონმა „ძალიან შესაძლებელი“ უწოდა პაკისტანში ბაზირებული ჰაყანის ექსტრემისტული ქსელის მონაწილეობას, 21 აპრილს მაზარ-ი-შარიფში მდებარე ავღანეთის არმიის ბაზაზე მომხდარ შეტაკებაში, რასაც სულ ცოტა 140 ავღანელი სამხედრო პირის სიცოცხლე შეეწირა. ამ თავდასხმის შემდეგ გადადგნენ ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და არმიის შტაბის უფროსი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მატისი 24 აპრილს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია ავღანეთს, თალიბებისა და სხვა ექსტრემისტების წინააღმდეგ ომში არსებული საჭიროებების დასადგენად. მატისი არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრი, რომელიც ავღანეთს ეწვია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG