Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეშფოთებულია ავღანეთის თალიბანისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიწოდების გამო


აშშ-ის არმიის გენერალმა, ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის სტუმრობისას, განაცხადა, რომ რუსეთი იარაღს აწვდის თალიბანს. ავღანეთში აშშ-ის ჯარების მეთაურმა, ჯონ ნიკოლსონმა ქაბულში, მატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მისთვის არაა სადაო, რომ ავღანეთის ომში რუსეთი ჩართულია, თალიბანისთვის იარაღის მიწოდების ჩათვლით. ნიკოლსონს დეტალები არ განუმარტავს. უფრო ადრე, 24 აპრილს, აშშ-ის მაღალი რანგის სამხედრო პირმა ქაბულში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი თალიბანს აწვდის ავტომატებს და მსგავს იარაღს. ოფიციალურმა პირმა, რომელმაც არ გაამხილა ვინაობა, ჟურნალისტებს დაზვერვის სამსახურების ცნობებზე დაყრდნობით უთხრა, რომ თალიბები რუსულ იარაღის მოიხმარენ ჰელმანდში, ყანდაარში და ურუზგანში. რუსეთი უარყოფს თალიბანისთვის ასეთ დახმარებას. მატისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში იზრდება შეშფოთება თალიბანისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიწოდების გამო. მატისის თქმით, ვაშინგტონი რუსეთთან დიპლომატიის გზით ურთიერთობას ემხრობა, როცა როცა შესაძლებელია, მაგრამ წინააღმდეგობას გაუწევს მას, თუ ის საერთაშორისო სამართლის დარღვევით იმოქმედებს, ან რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტს დაარღვევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სამხედრო პირების განცხადებებს თალიბანისთვის რუსეთის მიერ იარაღის მიწოდების შესახებ, არაპროფესიონალური უწოდა. მისი თქმით, ეს განცხადებები სრულიად უსაფუძვლოა.

XS
SM
MD
LG