Accessibility links

ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დაკავებული როგავების ოჯახის წევრებმა


ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელ, ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით, სამი კვირის წინ დაკავებული მამა-შვილის, არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციელებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს აქციის მონაწილე, დარეჯან როგავა. ის ცდილობდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. როგავების ოჯახის წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ქართული მხარისთვის 25 აპრილს, გალში შეხვედრისას მიწოდებულ ინფორმაციას, რომ როგავები, რომლებსაც აფხაზურმა სასამართლომ შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ნათესავების განცხადებით, მათთვის დღემდე უცნობია დაკავებულების რეალური მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. აქციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს, უზრუნველყოს როგავების გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენგურის ხიდთან საპროტესტო აქციების გაგრძელებით დაიმუქრნენ. გალში 25 აპრილს გამართული, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, აფხაზური მხარე ერთ-ერთ დაკავებულს, პაატა როგავას ადანაშაულებს რუსი მესაზღვრისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაკავებულთა გასათავისუფლებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მცხოვრები არჩიკო და პაატა როგავები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 აპრილს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG