Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში განახლდა ე.წ ფოტორეპორტიორების საქმის არსებითი განხილვა


თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეთა დაკითხვით განახლდა ე.წ ფოტორეპორტიორების საქმის არსებითი განხილვა. მათ მიმართ ძალადობით და პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულნი არიან კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი და სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე. ფოტოგრაფები ნათია და ირაკლი გედენიძეები, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე 2011 წლის ივლისში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. თავს დამნაშავედ არცერთი მათგანი არ ცნობდა, თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარეს. ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი 2013 წლის ივლისში, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ხელახალი გამოძიება დაიწყო მთავარმა პროკურატურამ, რომელმაც 2016 წლის 6 დეკემბერს უდანაშაულოდ აღიარა ოთხივე ფოტორეპორტიორი და განაცხადა, რომ დააკავა კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი და ბრალდებულად ცნო მე-8 საპატიმროს ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე. პროკურატურის განმარტებით, ფოტოგრაფების მიმართ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ანგარიშსწორების საფუძველი იყო მათ მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ასახავენ 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევას.

XS
SM
MD
LG