Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესმა ლიდერმა გააკრიტიკა დასავლეთთან დაახლოების როჰანისეული პოლიტიკა


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააკრიტიკა ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი მისი სიტყვებისთვის, რომ დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკამ ომის საფრთხე შეამცირა. „ზოგიერთი ამბობს, მას მერე, რაც თანამდებობა დავიკავეთ, ომის აჩრდილი ჩამოგვშორდაო. ეს არ არის სწორი“, თქვა აიათოლამ 30 აპრილს. „პოლიტიკურ არენაზე ხალხის ყოფნამ ჩამოაშორა ომის აჩრდილი ჩვენს ქვეყანას“, თქვა ალი ხამენეიმ ირანელ მშრომელებთან შეხვედრისას მშრომელთა საერთაშორისო დღის წინა დღეს. ხამენეის კომენტარი გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. როჰანი მეორედ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე. როჰანიმ პრეზიდენტობის პერიოდში, 2015 წელს მიაღწია წარმატებას ბირთვული შეთანხმების სახით, რომლის მიხედვით ირანი ზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას, სანაცვლოდ მას გაუუქმებენ საერთაშორისო სანქციებს. დაპირისპირება როჰანის და აიათოლას მომხრეებს შორის, რომლებმაც გააკრიტიკეს ბირთვული შეთანხმება, გამწვავდა ბოლო თვეებში 19 მაისის არჩევნების წინა პერიოდში. მკაცრი ხაზის მომხრეები კრიტიკულად არიან განწყობილი როჰანის ეკონომიკური პოლიტიკის და ბირთვულ სფეროში დათმობების გამო და აცხადებენ, რომ ამას ირანისთვის ეკონომიკური სარგებელი არ მოუტანია. სატელევიზიო დებატებში სხვა კანდიდატებთან ერთად, როჰანიმ განაცხადა, რომ მკაცრი ხაზის პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემა ავტორიტარიზმს გაზრდის ქვეყანაში. ირანელები დაადასტურებენ 19 მაისის არჩევნებზე, რომ ძალადობის, ექსტრემიზმის და ზეწოლის ერა ჩენს ქვეყანაში დასრულდა, თქა მან. არჩევნებზე როჰანის მთავარ მეტოქეებად მიჩნეული არიან ებრაჰიმ რაისი, მკაცრი ხაზის მიმდევარი, ხამენეისთან დაახლოებული სასულიერო პირი და თეირანის მერი, მოჰამად ბაყარ ყალიბაფი.

XS
SM
MD
LG