Accessibility links

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადასინჯულია კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი დაცვლილებების 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი ხშირად არასწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება. ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა გავრცელებული ვერსია, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის შესახებ და განმარტა, რომ პრეზიდენტის კომპეტენცია არსებითად არ გადაისინჯება. „პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში“, - განაცხადა კობახიძემ. მისი განმარტებით, არსებითი ცვლილება შეეხება მხოლოდ ორ საკითხს - პრეზიდენტის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურებს წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და გაუქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რადგან ის პრეზიდენტს აძლევს რჩევებს ისეთ საკითხებზე, რომლებსაც რეალურად მთავრობა განაგებს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად შეიქმნება თავდაცვის საბჭო. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მანიპულირება ხდება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხითაც. „როცა სისტემის დეტალებს არ განმარტავ, საკითხით სპეკულირება ადვილია და შეიძლება საზოგადოება შეცდომაში იოლად შეიყვანო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მთავარია, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი მაქსიმალურად იყოს მორგებული საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე, ამ სისტემისთვის კი უმჯობესია პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო მმართველობის სისტემის მქონე იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ, სისტემური პრობლემა არასდროს წარმოქმნილა, განსხვავებით იმ საპარლამენტო რესპუბლიკებისგან, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.

XS
SM
MD
LG