Accessibility links

ტონი ბლერი პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს "ბრექსიტის" წინააღმდეგ საბრძოლველად


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი პოლიტიკაში ბრუნდება „ბრექსიტის“ , ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ის არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას 8 ივნისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისათვის. ამის შესახებ ბლერმა განაცხადა გაზეთ „დეილი მირორთან“ ინტერვიუში. ბლერი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერია, 1997-2007 წლებში იყო პრემიერ-მინისტრი. მისი შეფასებით, ევროკავშირის დატოვება საფრთხეს შეუქმნის ბრიტანეთს. არ მინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდე, რომ ისტორიის ასეთ ეტაპზე ვიმყოფებოდით და ხმა არ ამოვიღე, რადგან ისე გამოვა, თითქოს გული არ შემტკივა ამ ქვეყანაზე - არადა გული შემტკივაო, განაცხადა ბლერმა. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ის დაკავებული იყო საქველმოქმედო ფონდში მუშაობით და მონაწილეობდა არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტის მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. გასულ თვეში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გამოაცხადა 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების გამართვის შესახებ. მანვე გამორიცხა, რომ განმეორებით გაიმართება რეფერენდუმი „ბრექსიტის“ შესახებ.

XS
SM
MD
LG