Accessibility links

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, აღნიშნეს 1 მაისი


საქართველოს პროფკავშირებმა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მსვლელობებით აღნიშნეს 1 მაისი -მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე. თბილისში გაიმართა რამდენიმე აქცია, რომელიც პარლამენტის შენობასთან მანიფესტის მიღებით დასრულდა. პროფკავშირებმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მშრომელთათვის ევროპული არჩევანი უპირობოდ უკავშირდება ქვეყანაში ღირსეული შრომის პრინციპების დამკვიდრებას, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლიანი და უსაფრთხო პირობების შექმნას”. საპირველმაისო გამოსვლები გაიმართა სხვა ქვეყნებშიც. ცნობების თანახმად, თურქეთის უდიდეს ქალაქში, სტამბოლში დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ასობით ადამიანი შეეცადა ქალაქის ცენტრალურ, ტაქსიმის მოედანზე შეჭრას მას შემდეგ, რაც ქალაქის ხელმძღვანელობამ აკრძალა ცენტრში მასობრივი აქციების გამართვა და პოლიციამ გადაკეტა ტაქსიმის მისასვლელები. შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს ათობით დემონსტრანტი. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, დემონსტრანტებმა სცადეს გაეშალათ ტრანსპარანტები ანტისამთავრობო ლოზუნგებით. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო ცვლილებებ, რომლებიც ზრდის თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიმ ერდოანის უფლებამოსილებებს. მოსკოვში წითელ მოედანზე გაიმართა მსვლელობა ათასობით ადამიანის მონაწილეობით. საპირველმაისო აქციები გაიმართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც.

XS
SM
MD
LG