Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ წევრები


საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ წევრები. 50-მდე ბაიკერი, რომლებიც საქართველოში ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით უნდა ჩასულიყვნენ, პერფორმანსს გეგმავდნენ გამარჯვების დღის, 9 მაისის აღსანიშნავად. „კანონი არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და ქვეყანაში მათ ყოფნას და არსებობდა რამდენიმე საფუძველი, რომლის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა. შეკითხვას, რომელ ნორმასთან შეუსაბამობის გამო უთხრეს რუს ბაიკერებს უარი, შალვა ხუციშვილმა უპასუხა, რომ მესაზღვრეს აქვს დისკრეციული უფლება, გამოიკითხოს მგზავრობის მიზანი და სხვა ინფორმაცია. „სწორედ ამ ნორმაზე დაყრდნობით მოხდა გადაწყვეტილების მიღება“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. 2 მაისს, სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ რუსული მოტოკლუბის წევრების სტუმრობა არასასურველია. „შარშან, მსგავსმა აქციამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია „ღამის მგლების“ მიერ დაანონსებული სტუმრობა და პერფორმანსი, რაც არ შეესაბამება 9 მაისის დღესასწაულის სულისკვეთებას“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. რუსული მოტოკლუბის, „ღამის მგლების“ წევრები 27 აპრილიდან მართავენ აქციას, „გამარჯვების გზა ბერლინისკენ,“ რომლის მარშრუტი მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც. ექსტრემისტული და ნაციონალისტური განწყობების გამო, „ღამის მგლებს“ თავის ტერიტორიაზე შესავლა აუკრძალა არაერთმა ქვეყანამ. მოტოკლუბი, „ღამის მგლები“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აქტიური მხარდამჭერია.

XS
SM
MD
LG