Accessibility links

მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერას უწოდებს ამერიკელი კონგრესმენების წერილს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის უპრეცედენტო დასტურად შეაფასა ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის 2 მაისს გაგზავნილი წერილი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის კონგრესში აქვს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა. „ეს გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ წარმატებულად გატარებული რეფორმებისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების შედეგი და ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩამოყალიბებული მტკიცე პარტნიორობის, ნდობის და საერთო ღირებულებების გაზიარების დასტური” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, კონგრესმენების წერილი თვალსაჩინოს ხდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მტკიცეა და აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო განაგრძობს აშშ-თან მტკიცე თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს განვითარებაზე, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენასა და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მხარდაჭერაზე. აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30-მა წევრმა პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა საქართველოს მხარდამჭერი წერილით. მისი ინიციატორები არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რესპუბლიკელი ტედ პო და დემოკრატი ჯერალდ კონოლი. კონგრესმენები ადასტურებენ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და პრეზიდენტს მოუწოდებენ, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და განაგრძოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG